Saturday, November 3, 2018
Sunday, October 7, 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მე-9 დღეს გავეცანით მე-8 მოდულს " სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენებას" , გავაანალიზეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადების საკითხები. ჩვენი პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე, მოვუსმინეთ ერთმანეთი პროექტების მცირე წარდგენას. შევაფასეთ ჩვენი პორტფოლიო.
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. ტრენინგის პერიოდი, 36 საათი,
ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო. ჩვენ გავეცანით პროექტებით სწავლებას,
რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სასწავლო პროცესი
მრავალფეროვანი, საინტერესო და რეალურ ცხოვრებასთან უშუალოდ დაკავშირებული გავხადოთ.
პროექტებით სწავლება მოსწავლეებს უვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და ზრდის
მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
ტრენინგების განმავლობაში უამრავი ახალი ინფორმაცია
მივიღე, დავახარისხე და უშუალოდ პროექტის დაგეგმვისას გამოვიყენე. ყველაზე მნიშვნელოვანი
ჩვენ მიერ მოფიქრებული პროექტის გეგმის გაწერა იყო, ეტაპობრივად ვამუშავებდით ინტელის
ელექტრონულ სახელმძღვანელოს „პროექტებით სწავლებას“. გავიაზრეთ პროექტით სწავლების
მნიშვნელობა და ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და დაგეგმვისას აუცილებელი კომპონენტების
გათავისება/გამოყენება.
ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო დღე იყო პროექტის შეფასებების
ძირითადი სტრატეგიების გაცნობა და მათი ჩვენს პროექტში უშუალოდ გამოყენება. ასევე,
სასწავლო ნიმუშების შედგენა, საავტორო უფლებების გაცნობა, ფასილიტაცია, ფასილიტაციის
ნიმუშების შექმნა, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს შექმნა და შემდგომ მისი პრეზენტაცია.
შევაჯამებ, აღნიშნულმა ტრენინგმა ბევრი ახალი ინფორმაცია
მომცა, დამეხმარება და გამიადვილებს სასწავლო პროექტების განხორციელებას.
დიდი მადლობა ტრენერს, დიანა მიქაძეს, საუკეთესო ახსნისათვის,
დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. ასევე ტრენინგის მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა
და ყურადღებისთვის.
ტრენინგის მერვე დღე
პროექტის მერვე დღე: ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ტრენინგის დასასრულისკენ. ვამუშავებთ, ვაჯამებთ, ვაწესრიგებთ ჩვენს მასალას. ვტვირთავთ ბლოგზე, ვეცნობით ერთმანეთის ნამუშევრებს, ვაძლევთ რჩევებს, ვეხმარებით. პროცესი საინტერესოა, ძირითადად პრაქტიკული სამუშაოა, დრო უცებ გადის, ტრენერი გვეხმარება მაქსიმალურად. არც ვისვენებთ :)
დღეს ახალ საკითხსაც გავეცანით: ფასილიტაცია, ფასილიტაციის ნიმუშების შექმნა. თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ ფასილიტაციის ერთი ნიმუშიც დავწერეთ.
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მივეცით უკუკავშირი. ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები. ვისაუბრეთ მოსწავლის შეფასების ხერხებზე. დავათვალიერეთ მოსწავლის შეფასების სხვადასხვა ფორმა/ჩეკლისტი. ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მოსწავლეებსა და მათ ჩართულობაზე პროექტში, ვნახეთ მოდიფიცირებული ფორმები, ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე. ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის დიფერენცირებულ სწავლებას.
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების სტრატეგიებს, რომლებიც 5 ძირითად კატეგორიად იყოფა. არ არის აუცილებელი, რომ კატეგორიიდან ყველა მეთოდი გამოვიყენოთ, მაგრამ შეფასების გეგმა ხუთივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს.
1-ლი: მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭირობების შეფასებაა. პროექტის დაწყებამდე აუცილებელია ვიცოდეთ მოსწავლეების წინარე ცოდნა, რათა მათ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.
მე-2 : წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიებია, რომლებიც გვეხმარება გავარკვიოთ , რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს დამოკიდებლად საკითხის განსაზღვრა, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს. განვითარებული აქვს თუ არა თვითრეგულირებადი სწავლის უნარი, შეუძლია თუ არა თავისი სწავლის პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და განხორციელება წაქეზების გარეშე.
მე-3: პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიებია, რომელთა საშუალებით ვხვდებით, მოსწავლე მართავს თუ არა თავის სამუშაოს, სჭირდებათ თუა არა დახმარება, რამდენად სწორად მიყვებიან დასახულ ამოცანას. ეს არის სწავლის პროცესის დოკუმენტირება.
მე-4: სტრატეგიები გაგების, შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის. ამ სტრატეგიებს ვიყენებთ მოსწავლის გაგებისა და პროექტის განხორციელებისას წინსვლის შესამოწმებლად. იაზრებენ მოსწავლეები თავიანთ სამუშაოს? ეს სტრატეგიები გვეხმარება გავარკვიოთ, ერთი მხრივ, რამდენად გაიგო მოსწავლემ საკითხი და, მეორე მხრივ, მოსწავლეებს უბიძგებს, იფიქრონ საკუთარ სწავლაზე, ეხმარება მათ გაიაზრონ, რა და როგორ ისწავლეს კითხვებისა და მინიშნებების მეშვეობით.
მე-5: გამოყენებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები. ამ სტრატეგიებს გამოვიყენებთ პროექტის ბოლოს, რათა გავარკვიოთ რა ისწავლეს/შექმნეს მოსწავლეებმა და რა უნარებს ფლობენ. ამ კატეგორიაში ორი განსხვავებული სტრატეგია: პროდუქტი და შესრულება; პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია. პროდუქტი არის მოსწავლის ნამუშევარი და შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები ამ პროდუქტის შესაქმნელად. პორტფოლიო ასახავს მოსწავლის პროგრესაა და მიღწევებს, მოსწავლეთა კონფერენცია კი გულისხმობს თავიანთი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებასა და განხილვას.
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ჩვენ საფუძვლიანად გავეცანით google drive-ის ფუნქციებს, შევადგინეთ კითხვარი, გავუგზავნეთ და შევუვსეთ ერთმანეთს. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს. ბლოგზე ავტვირთეთ ფოტოები და დავუტოვეთ კოლეგებს კომენტარები. ეს დღე ინფორმაციული, საინტერესო და მხიარული იყო!
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე საინტერესო და სააზროვნო იყო. თავდაპირველად მასწავლებლებმა ერთმანეთსა და ტრენერს გავაცანით ჩვენ მიერ მოფიქრებული პროექტების სათაური და მოკლე მონახაზი. ყველა პროექტი საინტერესო იყო, ვუსმენდით გამომსვლეს და რჩევებსაც ვაძლევდით.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის ეტაპებზე: ჩვენი პროექტი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს და ეთანხმებოდეს სტანდარტს და ითვალისწინებდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო დონეებს. მოკლედ, ესაა ამოსავალი, მიზნებიც ამის მიხედვით უნდა გავწეროთ. პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია სათაურის სწორად შერჩევა, უნდა იყოს შინაარსობრივი, ძალიან საინტერესო, სხარტი და მოქნილი. :) ამის შემდგომი ეტაპი კი არის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ ამ კითხვებით ბავშვები უნდა გავიყვანოთ მაღალ სააზროვნო დონეებზე, დავაინტერესოთ პროექტით, გამოვიწვიოთ მათი ცნობისმოყვარეობა და ჩავრთოთ სამუშაო პროცესში ხალისით.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. გავაანალიზეთ თითოეული მათგანი. ვისწავლეთ ბრუშურის შექმნა, ბლოგზე ატვირთვა.
ტრენინგის პირველი- მეორე დღე
ველოდებოდი ინტელის ტრენინგს განსაკუთრებულად. დარწმუნებული ვიყავი, რომ უამრავ სიახლესა და საინტერესო თემას გავეცნობოდი. ტრენინგის პირველმა და მეორე დღემ, მართლაც, საინტერესოდ ჩაიარა. ვფიქრობ, უფრო მეტი მელოდება წინ, დიდი იმედი მაქვს.
პირველ რიგში, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო და ეფექტურია საგაკვეთილო პერიოდის ნაწილი დავუთმოთ პროექტებით სწავლებას, რამდენად ზრდის მოტივაციას, უვითარებს უამრავ უნარ-ჩვევას მოსწავლეებს.
გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის ონლაინსახელმძღვანელოს, მის ფუნქციებს, ეფექტურად წაკითხვისა და გამოყენების ხერხებს. გავიარეთ პროექტების დაგეგმვის ეტაპები: საქაღალდეების შექმნა, ორგანიზება, კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება და სხვა.
პირველ რიგში, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო და ეფექტურია საგაკვეთილო პერიოდის ნაწილი დავუთმოთ პროექტებით სწავლებას, რამდენად ზრდის მოტივაციას, უვითარებს უამრავ უნარ-ჩვევას მოსწავლეებს.
გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის ონლაინსახელმძღვანელოს, მის ფუნქციებს, ეფექტურად წაკითხვისა და გამოყენების ხერხებს. გავიარეთ პროექტების დაგეგმვის ეტაპები: საქაღალდეების შექმნა, ორგანიზება, კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება და სხვა.
Subscribe to:
Posts (Atom)